მერაბ შარიქაძე: “ჩვენზე ძლიერ გუნდებთან თუ ამდენჯერ დავჯარიმდებით, შანსი არ გვექნება”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა.
შარიქაძის თქმით, “ბორჯღალოსნებმა” აშშ-სთან დაშვებული შეცდომები მომავალ მატჩებში აღარ უნდა დაუშვან.
“ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. როგორც წესი, როცა დაახლოებით შენი დონის გუნდთან ამდენჯერ ჯარიმდები, თამაშს ვერ იგებ, ამიტომ დასაფასებელი და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა ჩვენზე ძლიერ გუნდებთან თუ ამდენჯერ დავჯარიმდებით, შანსი არ გვექნება. ამ ასპექტში უნდა ვიმუშაოთ, რათა მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ.
გეგმა იყო, რომ ეს მატჩი უკეთესად ჩაგვეტარებინა. ექვსი წელია, რაც ნაკრებში ვარ და არ მახსოვს, აშშ-სთან ადვილი თამაში ყოფილიყოს. ამ თამაშის გათვალისწინებით, თუ ნოემბრის ტესტებს შევხედავთ, უკეთესადაც შეგვეძლო თავის წარმოჩენა. პირადად მე და გულშემატკივარიც, ელოდა იმას, რომ ამ შეხვედრას უფრო იოლად მოვიგებდით”, – განაცხადა შარიქაძემ.
:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა აშშ “მიხეილ მესხზე” ანგარიშით 21:20 დაამარცხა.