მერაბ შარიქაძე: “მაისურები იმის ნიშნად გვეცვა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.
შარიქაძემ იმ მაისურებზეც ისაუბრა, რომლებიც ქართველ მორაგბეებს შეხვედრის დაწყების წინ, ჰიმნების შესრულებისას ეცვათ.
“ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულია, არამარტო მორაგბეებისთვის, ზოგადად, საქართველოსთვის. დავპირდით გულშემატკივარს, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით და დავიხარჯეთ და ღვთის წყალობით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა მატჩი.
მაისურები გვეცვა სიმბოლურად, თანადგომის მიზნით და იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო, ამიტომაც საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა. ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ის ჩვენ სულიერ მდგომარეობასთან ახლოს არის. საქართველოსთვის ვითამაშეთ და მოვიგეთ, საქართველოსთვის ვიმღერეთ ჰიმნი. გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩამოვიდნენ და გვიგულშემატკივრეს. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
როგორც გუშინ გითხარით, განცხადებები არაფერს არ ნიშნავს და მთავარია საქმე. ყოველთვის, ყოველ წელს ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ჩემ გვერდით 23 ქართველი ვაჟკაცი იდგა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და სრულიად საქართველო გამარჯვებებისკენ წინ ერთად ვივლით”, – განაცხადა შარიქაძემ.
ფოტო: TAMUNAPHOTO