მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო“.
„რაც ნაკრებში ვარ სულ მესმის, რომ ხაზი ვერ თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი – რა კარგია რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ ვიდრე მათ გონიათ”, – ციტირებს შარიქაძის სიტყვებს Rugby.GE.
ფოტო: რაგბის კავშირი