მერაბ შარიქაძე: “უნდა ვიცოდეთ, რამდენად ძლიერი გუნდია ინგლისი”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ინგლისის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც იცით, 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები “შემოდგომის ერთა თასზე” პირველ შეხვედრას გამართავს. “ბორჯღალოსნები” თვიქენჰემ ინგლისს დაუპირისპირდებიან.
“მოლოდინებზე ლაპარაკი არ მიყვარს და მგონი, არც არის გამართლებული. რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. უნდა ვიცოდეთ, ინგლისი რამდენად ძლიერი გუნდია. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ინგლისს ყველაფერში დავჩაგრავთ. ჩვენი მთავარი მიზანია უკეთესი თამაში ვითამაშოთ, ვიდრე ვითამაშეთ შოტლანდიასთან. ასევე, მიზანია, რომ სასტვენის შემდეგ ვიყოთ უკეთესი გუნდი და კიდევ ერთხელ მივიღოთ ის იშვიათი გამოცდილება, რაც გველის ხვალ და თითოეული წამი მოედანზე ვაქციოთ დასამახსოვრებლად ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის.
დრო შეზღუდულია და რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავიარეთ მაქსიმალურად. ვფიქრობ, საკმაოდ პროდუქტიული ვარჯიშები გვქონდა და ვფიქრობ, გამართლებული ტაქტიკით ვაპირებთ ამ თამაშის თამაშს. ახლა უფრო მეტად ვართ მომზადებულები, ვიდრე ვიყავით შოტლანდიასთან მატჩის წინ”, – განაცხადა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.