“მერანი” დუბლებმა დაამარცხეს
25 აგვისტოს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-3 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ სათადარიგო გუნდები გუშინდელი შეხვედრის მსგავსად ერთმანეთს სამტრედიაში შეეჯიბრნენ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თამაშის მეორე ნაწილი საინტერესო ეპიზოდებით დახუნძლული გამოდგა. 48-ე წუთზე, „მერანი“ ლაშა ჯღამაიამ დააწინაურა, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა. მთავარი მომენტებიც დარჩენილ დროში იყო. 55-ე წუთზე, მატჩის პირველი პენალტი „ტორპედოს“ კარში დაინიშნა, რომელიც თეგა ლომთაძემ მოიგერია. აქედან ოც წუთში, ჯანაძის პასით მეტოქის საჯარიმოშიოლეგ მამასახლისი წააქციეს და მსაჯმა ამჯერად მარტვილელთა კარის თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. საჯარიმო დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა ზუსტად – 1:1. მე-80 წუთზე, „მერანს“ ისევ მიეცა პენალტით ანგარიშის სათავისოდ შეცვლის საშუალება, მაგრამ ტორპედოელი მეკარე როგორც ამას, ასევე დამატებაზე შესრულებულ დარტყმასაც გაუმკლავდა. მეკარის ამგვარმა მოქმედებამ სტუმრები შეაგულიანა და გადამწყვეტი გოლიც მათ გაიტანეს. 85-ე წუთზე, გოგიჩაიშვილის გადაცემით ბურთი მატჩის გამორჩეულმა ფიგურამ, ოლეგ მამასახლისმა მიიღო, მეტოქის დასაცავ ობიექტთან მარცხენა მახვილი კუთხიდან მიახლოებულმა ეფექტურად აიღო კარი და დუბლიც შეასრულა – 1:2. შანსები ამის მერეც ჰქონდათ ორივე გუნდს, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ გიორგი სუხიაშვილის მეთაურობით(ასისტენტი – ვლადიმერ ჭყონია), მიმდინარე ტურნირზე პირველი სამი ქულა მოიპოვა.
„ტორპედო-2“: ლომთაძე, დუდუჩავა(ლაღაძე 65), ნაცვლიშვილი, გაგოშიძე, ბერიშვილი, ნამიჭეიშვილი(ამბარდნიშვილი 70), ტვილდიანი(ჩიხლაძე 46), გოგიჩაიშვილი, გოგუაძე(ჯანაძე 60), მამასახლისი, თორთლაძე(შენგელია 46)
FCTorpedo.GE