“მერანი” – “ტორპედო” 0:3
6 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის “მერანს” სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა.
შეხვედრის დაწყებამდე გუნდები სპეციალურად დამზადებული თეთრი მაისურებით შემოსილები გავიდნენ მოედანზე, რითაც ერთის მხრივ, სოფელ დიცსა და დვანის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს და მეორეს მხრივ, პროტესტიც გამოხატეს ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.
თამაში პირველივე წუთებიდანვე „ტორპედოს“ მიჰყავდა. ჩვენი გუნდი თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და უკვე მე-8 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა, მარცხენა ფლანგიდან უბილავას ჩინებული ჩაწოდებით ოპონენტს საჰაერო ორთაბრძოლა თორნიკე კაპანაძემ მოუგო და მისი მორიგი შედეგიანი თავური დარტყმა განახორციელა – 0:1. დაწინაურება ქუთაისელებს ერთი წუთით ადრეც შეეძლოთ, მაგრამ ცინცაძის შესრულებული “სტანდარტით“ ბურთი ძელმა აისხლიტა. 24-ე წუთზე, ფანცულაიას მიეცა გატანის შანსი, მაგრამ მერანელმა მეკარემ არ გაუშვა გიორგის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი. საწყისი მუხტი მოსაგებად მოტივირებულ ტორპედოელებს არ „ჩაუქვრიათ“ და ორთაბრძოლებში თავგანწირული თამაშით მათ აპლოდისმენტებით ხშირად აჯილდოვდებოდნენ „ტორპედოს“ გულშემატკივრები, რომლებიც სამტრედიაში საკმაო რაოდენობით იყვნენ ჩასულნი. ანგარიში 28-ე წუთზე გაორმაგდა, გიგაურის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას საჯარიმოში მყოფმა ზაზა ჭელიძემ დაასწრო და ბურთს საგოლედ დაუხვედრა თავი – 0:2. სტუმართა მტკიცე დაცვის დამსახურებით გუნდები ისე გავიდნენ შესვენებაზე, რომ „მერანს“ ერთი რეალური საგოლე მომენტიც კი არ შეუქმნია.
ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ტორპედო“ მეტოქის მოედნის ნახევარზე „პრესინგის“ შესრულებას ცდილობდა, რასაც შედეგიც მოჰქონდა. 2-3-ჯერ მარტვილელებმაც დაარტყეს ბურთი ქვილითაიას კარში, თუმცა „ტორპედოს“ კაპიტანმა დროული რეაქციები გამოავლინა და დარტყმულები გააუვნებელყო. 59-ე წუთზე, მაღალი ტრაექტორიით მერანელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კაპანაძემ თავით დაუგდო გიორგი კუხიანიძეს, რომელმაც 20 მეტრიდან გამოზომილი დარტყმით წერტილი დაუსვა მატჩს – 0:3. ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა თამაშის სადავეები არც ამის შემდგომ გაუშვეს ხელიდან და მშვიდად მიიყვანეს მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე, რითაც „მერანთან“ სტუმრის რანგში ჩამოყალიბებული უსიამოვნო ტრადიცია დამაჯერებლად დაარღვიეს(3:0) და მიმდინარე ჩემპიონატში წაუგებელი სერიაც გააგრძელეს.