მერანმა დინამოს ქულები წაართვა
დღეს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის მერვე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში თბილისის “დინამო” მარტვილის “მერანს” უმასპინძლა.
მატჩის სასტარტო 15 წუთი “დინამოელთა” უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათი მამალაძის კართან არ შექმნილა. მარტვილელთა მეკარე თამაშში 22-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც პაპუნაშვილის გარღვევის შემდეგ მისი სახიფათო გადაცემა ჩაჭრა.
25-ე წუთზე მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებს შეექმნათ. დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა დავით ციცხვაიამ რეალური შესაძლებლობის გამოყენება ვერ შესძლო.
30-ე წუთზე გოლის გატანი შანსი მასპინძლებს მიეცათ, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულ ჩირგაძეს სტუმართა მცველი წამოეწია და ვითარება ბურთის კუთხურზე მოგერიებით განმუხტა.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებს კიდევ ორი მომენტი ჰქონოდათ. ჯერ პაპას შორეული დარტყმა, რომელიც მამალაძემ მოიგერია, შემდეგ კი საბანაძის სახიფათო მცდელობა.
“დინამომ” შესვენებამდე გოლის გატანაც შესძლო, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჩირგაძეზე ჯარიმაა დააფიქსირა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარი სტუმარტა სახიფათო შეტევით დაიწყო. გოლის გატანის კარგი შანსი ჩიმაკაძემ ვერ გამოიყენა. “მერანის” ფოვარდი თავით, ვარდნაში ცდილობდა გატანას, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.
54-ე წუთზე გოლის გატანის შანსი საბანაძეს მიეცა. “დინამოელთა” ცხრიანმა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა თავად მოახერხა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.
მე-60 წუთზე გოლის გატანას პაპუნაშვილი ცდილობდა, რომელმაც ეფექტური “პარაშუტით” სცადა მამალაძის დამწუხრება. სტუმართა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება შესძლო. შემდეგ შეტევაში უკვე “მერანის” ჰქონდა გატანის საშუალება, თუმცა რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხრუზე გადავიდა.
65-ე წუთზე სახიფათო მომენტი კვლავ პაპუნაშვილის აქტიურობის შემდეგ შეიქმნა. “დინამოს” ახალგაზრდა შემტევის ჩაწოდებას საჯრიმოში ძარია ეფქტურად გამოეხმაურა. მისი დარტყმა მამალძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. მალევე გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს, თუმცა მსაჯებმა კიდევ ერთხელ არ ჩათვალეს. ამჯერად, თამაშგარე მდგოამრეობის გამო.
სტუმრები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ჯერ ხარიხის, შემდეგ კი “დინამოს” მცველთა თავგანწირული და მიგინეიშვილის დამაჯერებელი თამაშის წყალობით ანგარიში არ შეცვლილა.
75-ე წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო “მერანის” კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულება ძარიამ ითავა. “დინამოელთა” კაპიტნის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.
ბოლო ათი წუთი ორმხრივ შეტევებში, განსაკუთრებული ხიფათის გარეშე წარიმარტა. 90-ზე კი, “მერანს” მატჩის მოგება შეეძლო. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ლევან გეგეჭკორი აღმოჩნდა, თუმცა, დღევანდელ მატჩში მარტვილელთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
დინამო თბილისი 0-0 მერანი
დინამო თბილისი: მიგინეიშვილი, კაკაბაძე (ჩისკო 70′), თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი (შერგელაშვილი 77′), ცინცაძე, პაპუნაშვილი, საბანაძე (ლობჟანიძე 79′), პაპავა, ჩირგაძე, ძარია.
მერანი: მამალაძე, ლომაშვილი, მელიავა, შულაია, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, წყაროზია (ჯღამია 63′), ჩიმაკაძე (წურწუმია 90′), ციცხვაია (ფონიავა 46′), გეგეჭკორი.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები