მერებაშვილი: “ირლანდიასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრას ავსტრიასთან მატჩში შევეცდებით”
საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიასთან გაგორებული ფრის (1:1) შემდეგ, ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებს ხვალ დაუპირისპირდება და სამი ქულის აღებას შეეცდება.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჩვენი ნაკრების შემტევს, გიორგი მერებაშვილს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– როგორი განწყობაა გუნდში?
– მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. თუმცა, ცოტათი ნაწყენები ვართ: ირლანდიასთან დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც მოგებაში ვერ გარდავსახეთ. მთლიანობაში, გუნდში არსებული განწყობა დადებითად შეიძლება შეფასდეს.
– წინა შეხვედრაში მართლაც დიდი უპირატესობა გქონდათ, როგორც ბურთის ფლობის, ასევე – მომენტების რაოდენობის მხრივ. შენი აზრით, რა იყო ამ ყველაფრის ვერგამოუყენებლობის მიზეზები და აღმოფხვრადია თუ არა ეს ავსტრიასთან მატჩში?
– კონკრეტულ მიზეზებს ვერ იტყვი. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ირლანდიელებსაც ჰქონდათ რეალური მომენტები და მათ ვერ შეძლეს ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს ხარვეზები აღმოფხვრადია. უფრო მეტად ვეცდებით, მაქსიმალურად კონცენტირებულნი ვიყოთ და ჩვენი შანსები გოლებით დავაგვირგვინოთ.
– რას ეტყვი გულშემატკივარს, რომელიც, განსაკუთრებით ირლანდიასთან შეხვედრამდე, იმედგაცრუებული იყო?
– მესმის მათი – ამის საბაბი გააჩნიათ. თუმცა, მერწმუნეთ, თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გულშემატკივრის გულები გავახაროთ. სწორედ ახლა სჭირდება ამ გუნდს დახმარება და გვერდში დგომა. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრები დიდ წარმატებას მიაღწევს.
მადლობა ყველა იმ მხარდამჭერს, რომელიც წინა მატჩში 90 წუთის მანძილზე გულმხურვალედ გვქომაგობდა!