მერებაშვილი: “ხშირად მხვდებოდა კომენტარები, რომ ნაკრებში ყოფნას არ ვიმსახურებდი…”
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი მერებაშვილმა ყაზახეთთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ გიორგი მერებაშვილმა გახსნა.
“პირველ რიგში, მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, მათ მხარდაჭერას მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს გამარჯვება მოვახერხეთ. რაც შეეხება თამაშს, რთული თამაში იყო. ყაზახეთის ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობს და მათ წინააღმდეგ სივრცეების მოძებნა რთული იყო. თუმცა, მიზანი შევასრულეთ და გავიმარჯვეთ.
გოლის აღნიშვნა მიმართული იყო იმ გულშემატკივრებისკენ, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. ძალიან ხშირად მხვდებოდა კომენტარები, რომ ნაკრებში ყოფნას არ ვიმსახურებდი. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ მატჩში გოლი გავიტანე და ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე”, – განაცხადა მერებაშვილმა.