მესი: “გასული წელი ჩავაგდე, მაგრამ ახლა ფორმაში შევდივარ”
“ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლეო მესიმ აღიარა 2014 წლის პრობლემები, მაგრამ მისი თქმით, ახლა ის თავს მშვენივრად გრძნობს.
ფეხბურთელს ხშირ-ხშირად გამოჩენილმა დაზიანებებმა სრულყოფილი სეზონის ჩატარების საშუალება არ მისცა, რის გამოც, მესისადმი პუბლიკამ კრიტიკა არ დაიშურა. არგენტინელმა მოცემულ სტატიაში ამ პრობლემებზე ისაუბრა.
ბევრი ამბობდა, რომ ლეოს დრომ ჩაიარა და ის ვეღარ შეძლებდა კარგი ფეხბურთის ჩვენებას, მაგრამ მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის კარგად მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად არგენტინელს, ის დარწმუნებულია, რომ ამჟამად იდეალურ ფორმაშია.
“სიმართლე ისაა, რომ გასულ წელთან შედარებით ბრწყინვალედ გამოვიყურები. წინა სეზონში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რის გამოც მაყურებელს ცუდ თამაშს ვთავაზობდი, ხოლო ისინი ჩემგან ასეთ დონეს არ იყვნენ მიჩვეულნი”.
“ეს უდიდესი გამოწვევა იყო. ბევრს ეგონა, რომ ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მწვერვალზე დაბრუნებას ვერ შევძლებდი, მაგრამ მე ეს შევძელი, რაც ძალიან მახარებს”.
“სოსიედადთან” მარცხის(0-1) შემდეგ, ლიონელ მესი მაყურებელს ბრწყინვალე ფეხბურთს სთავაზობს. არგენტინელი ხალხს დღითიდღე აოცებს.
“გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რათა ტიტულები მოვიპოვოთ. ამჟამად გუნდის უმთავრესი მიზანი ლა ლიგის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაა,”-განაცხადა მესიმ.
2015 წელს ლეომ ლა ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა ექვსი ზუსტი გადაცემა.