მესი: “ნეიმარი კიდევ უფრო ძლიერი გახდა”
არგენტინელი ვარსკვლავი თავის თანაგუნდელზე საუბრობს.
ლიონელ მესი დარწმუნებულია, რომ ნეიმარი ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო. 2011 წლის საკლუბო მუნდიალზე, როდესაც “ბარსელონამ” “სანტოსი” ანგარიშით 4-0 გაანადგურა, ნეიმარი მაშინაც ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი იყო, თუმცა ევროპაში არაფერი ჰქონდა დამტკიცებული.
გარკვეული დროის შემდეგ ბრაზილიელი შემტევი “ნოუ კამპზე” გადაბარგდა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ წლევანდელი “ოქროს ბურთის” ნომინაციაში კრიშტიანუ რონალდუსთან და ლეო მესისთან ერთადაა წარდგენილი.
“ბევრი დრო გავიდა ნეიმართან პირველი შეხვედრის შემდეგ. მე მისი, როგორც ფეხბურთელის და პიროვნების განვითარების მოწმე ვარ”, – აცხადებს ლიონელ მესი.
“ნეიმარი ოთხი წლის წინაც დიდებული მოთამაშე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სრულყოფილად ჩამოყალიბდა. დიდი უპირატესობა გვაქვს, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს”, – დაასრულა არგენტინელმა.