მესი: “ნიუელსში” თამაშზე ვოცნებობ, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს”
კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლეო მესი, აღიარებს, რომ “ნიუელს ოლდ ბოიზში” დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა ამავდროულად აცნობიერებს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონას” დატოვების არანაირი სურვილი არ გამაჩნია. “ნიუელსში” თამაშზე ვოცნებობ, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს – ჩემი ოჯახი პირად სურვილებზე მეტად მნიშვნელოვანია.
“ნიუელსში” თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. მაგრამ მე სამი შვილი მყავს და მათი მომავალი ყველაზე მეტად მადარდებს. აქ შემიძლია, მათი წარმატებული მომავალი უზრუნველვყო.
ოჯახთან შეთანხმების მიღწევას შევეცდები. მაგალითისთვის, ტიაგოს ბევრი მეგობარი ჰყავს აქ და ძალიან არ უყვარს, როდესაც მათგან შორს არის. არგენტინაში ყოფნისას დღეებს ითვლის, ისე ელის კატალონიაში დაბრუნებას,” – აცხადებს მესი.