მესის მოულოდნელი განცხადება აბიდალზე: “სახელები უნდა დააკონკრეტო, წინააღმდეგ შემთხვევაში…”
“ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი ერიკ აბიდალის ინტერვიუს გამოეხმაურა და საკუთარი თანაგუნდელები დაიცვა.
აბიდალი ამჟამად კლუბში ტექნიკური მდივნის ამპლუაში მუშაობს, ის წლების მანძილზე მესისთან ერთად თამაშობდა. აბიდალმა სამშაბათს გამოცემა Sport-ს ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის დროს ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებოდა, საბოლოოდ, კი მწვრთნელს პოსტის დატოვება მოუხდა.
“ბევრი ფეხბურთელი ბედნიერი არ იყო და ბევრს არ შრომობდა. ასევე, იყო შიდა კომუნიკაციის პრობლემა. მოთამაშეებსა და გუნდს შორის ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ მე ყოფილი ფეხბურთელი ვარ და რაღაცებს ვგრძნობ. კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი, მათ კი გადაწყვეტილება მიიღეს”, – განაცხადა აბიდალმა.
მესის პასუხი
ბევრისათვის მოულოდნელად, მესიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აბიდალს მიმართა.
“სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს მსგავსი რამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა საკუთარ საქციელზე და გადაწყვეტილებებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ფეხბურთელებმა ვიცით, რა ხდება მოედანზე, ჩვენ პირველები ვაცნობიერებთ შეცდომებს, როცა ცუდად ვთამაშობთ. ამავდროულად, ის, ვინც კლუბის ხელმძღვანელობაში მუშაობს, პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარ გადაწყვეტილებებზე.
ბოლოს, მინდა ვთქვა – როცა ფეხბურთელებზე საუბრობ, სახელები უნდა დააკონკრეტო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ყველა მოთამაშეს გულისხმობ, რითაც ჭორების გავრცელებას ხელს უწყობ”, – აცხადებს მესი.