მესი გააჩერეს, ნეიმარს ვეღარ აჩერებენ
ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. კატალონიური გუნდის რიგებიდან გოლები ნეიმარმა და პედრომ გაიტანეს.
“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ პრიმერადივიზიონში პირველად დიდი ხნის შემდეგ გოლის გატანა ვერ შეძლო. არგენტინელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში გოლი უკანასკნელად 5 აპრილს ვერ გაიტანა, როდესაც “ბარსელონამ” “სელტა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მესიმ 40 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სამაგიეროდ, დღევანდელ მატჩში გატანილი გოლი ნეიმარისთვის მიჯრით მეექვსე გახლავთ. ეს ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის კატალონიური გუნდის რიგებში მოწყობილი საუკეთესო სერიაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნეიმარისთვის აღნიშნული გოლი “ბარსას” ფორმით 50-ე გატანილი ბურთია. ბრაზილიელ გარემარბს “ბლაუგრანას” შემადგენლობაში სულ 88 მატჩი აქვს ჩატარებული.