„მეტალურგისა“ და „ჩიხურას“ დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა
დღეს საქართველოს თასის პირველი 1/4-ფინალური მატჩები დაიწყო. ერთ-ერთი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „მელურგმა“ საჩხერის „ჩიხურა“ მიიღო. შეხვედრა დიდი ინტერესით ნამდვილად არ გამორჩეულა და უგოლოდაც დასრულდა.
პირველ ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. პირველი მომენტი მე-9 წუთისთვის შეიქმნა, როდესაც საჩხერელმა ფეხბურთელებმა გრიგოლ ბედიაშვილის კარს შორიდან დაუმიზნეს, თუმცა რუსთაველთა მეკარე დარტყმისთვის მზად აღმოჩნდა და, შედეგად, კუთხური დაინიშნა. რამდენიმე წუთში „მეტალურგის“ კართან კვლავ ხიფათი შეიქმნა – განუგრავას ბურთი სახეში მოხვდა და შემდგომ ბედიაშვილის კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. სტუმრები ზეწოლას აგრძელებდნენ. ძირითადად ისინი მარჯვნიდან უტევდნენ, საიდანაც შეტევაში მცველი თეიმურაზ ღონღაძე ჩინებულად ერთვებოდა. ფლანგიდან აქტიური გიორგი კორიფაძეც იყო, რომელსაც შანსი 22-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა ბედიაშვილმა ამ ეპიზოდშიც ივარგა. საჩხერლები დღევანდელ მატჩში ხშირად შორიდანაც ურტყამდნენ – პირველ ნახევარში ასეთი დარტყმით მეტოქის კარის აღება განუგრავამ სცადა, მაგრამ უშედეგოდ… პირველი ტაიმის ბოლოსკენ ვარლამ კილასონიას გუნდიც გააქტიურდა – 31-ე წუთზე კონსტანტინე გაბაშვილის დარტყმის მოგერიება მაქსიმე ქვილითაიასთვის პრობლემა არ ყოფილა. 36-ე წუთზე კი ნახსენებმა თეიმურაზ ღონღაძემ გოლიც კი გაიტანა, თუმცა მანამდე გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მეორე ნახევარში რუსთაველმა ფეხბურთელებმა შედარებით მოუმატეს, თუმცა ტაიმის დებიუტში მათ კართან სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა, როდესაც დარტყმას თეიმურაზ მუმლაძე ცდილობდა – საჩხერელთა კაპიტანს ფეხებში გრიგოლ ბედიაშვილი ჩაუვარდა და დარტყმის საშუალებაც არ მისცა. სულ მალე მწვრთნელებმა პირველი შეცვლები გამოიყენეს – „მეტალურგის“ შემადგენლობაში კონსტანტინე გაბაშვილის ნაცვლად თამაშში გიორგი გოცაძე ჩაერთო. საინტერესოა, რომ მეორე ნახევარში მასპინძლები თავისი მეტოქის მსგავსად ფლანგიდან ხშირად უტევდნენ. პირველი ცვლილება სამსონ ფრუიძემ 68-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ივანიშვილი გამოვიდა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. „ჩიხურას“ მხრიდან კორიფაძე აქტიურობდა, რომელმაც „მეტალურგის“ კარს ორჯერ დაუმიზნა. კიდევ ერთი შორეული დარტყმით განუგრავაც გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ მატჩი უხეში არ ყოფილა. შეხვედრის მთავარ მსაჯს ჯენერი ხორავას პირველი ყვითელი ბარათის ამოღება მხოლოდ 79-ე წუთზე მოუწია, როდესაც „ჩიხურას“ მცველმა ლუბჩაკმა მეტოქის შეტევა ჯარიმით გააჩერა. ყველაზე რეალური ეპიზოდი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე იყო, როდესაც მანჯგალაძემ ბედიაშვილს აჯობა და ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა თავისი გუნდი ლუკა ნოზაძემ გადაარჩინა, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, 0:0 და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომელიც ივანწმინდაში ათ მარტს გაიმართება.
„მეტალურგი“ – „ჩიხურა“ 0:0
სტადიონი „ფოლადი“ (რუსთავი)
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა (ხობი)
„მეტალურგი“: ბედიაშვილი; მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, კილასონია (მაისურაძე 77′), სარიშვილი, ჯოხაძე, სტეფანიაშვილი (გუჯაბიძე 74), გაბაშვილი (გოცაძე 53), ბარაბაძე
„ჩიხურა”: ქვილითაია; ღონღაძე, ლუბჩაკი, კაშია, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, მანჯგალაძე (ივანიშვილი 68), დეკანოიძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი (მუმლაძე 75)
გაფრთხილებები: ნარიმანიძე 90′ – ლუბჩაკი 79′