„მეტალურგმა“ დამაჯერებლად მოიგო
საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის, პირველ შეხვედრაში, ს.კ.“ზუგდიდმა“, „ბაიას“ ბაზაზე, რუსთავის „მეტალურგს“ უმასპინძლა და მასპინძლები საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. სტუმრებმა პირველი ხიფათი 2-ე წუთზე შექმნეს და ზუგდიდელთა კიპერს, რევაზ თევდორაძეს, რომ არ ემარჯვა გელაშვილი ანგარიშს გახსნიდა. მასპინძლებმა იმავე წუთს შეუტიეს და უკვე ყურადღების ცენტრში, რუსთაველთა მეკარე ბედიაშვილი მოექცა, რომელმაც ლაშა ღონღაძის ახლო თავური მოიგერია. ქვემოქართლელებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს. 9-ე წუთზე სტუმართა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო და სტუმრებმა ბურთი მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდეს, ყველას ქავთარაძემ დაასწრო და თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა.
19-ე წუთზე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ – ლევან წურწუმიამ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, ირაკლი ეხვაიამ ყველას დაასწრო და თავურით სახიფათოდ მოჭრა, ბურთი კი აკაკი ფარჯიკიას მიუვიდა და მისი დარტყმული კარის ჩარჩოს, მცირედით ასცდა. 22-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გააორმაგეს. გოლი დავით გელაშვილის ანგარიშზეა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და ეს მეორე ტაიმშიც შენარჩუნდა. მასპინძლებმა შედეგის შეცვლა ვერაფრით მოახერხეს და ქვემოქართლელებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. სტუმრები ამ შედეგით, მეოთხედფინალის საგზურს მიუახლოვდნენ.
ზუგდიდი – მეტალურგი 0:2
ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა, 17 ოქტომბერი.
გოლი: ქავთარაძე (9), დ.გელაშვილი (22)
ზუგდიდი: თევდორაძე, რიგვავა (ნ.ქირია 76), მირცხულავა, ღონღაძე, აკობია, ტყემალაძე, დ.ქირია (გულორდავა 56), წურწუმია, ლომია, ფარჯიკია (კუკავა 62), ეხვაია
სათადარიგოები: დევაძე, ქურდაძე, გვაზავა, კობერიძე
მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, კაკაშვილი, დ.გელაშვილი (გაბაშვილი 63), კიტეიშვილი, კილასონია (ვასაძე 84), ჯოხაძე (გოცაძე 82), მიქაუტაძე
fczugdidi.ge