“მეტს არაფერს ვიტყვი” – მოურინიომ პრესკონფერენციაზე კითხვებს არ უპასუხა
31 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში “რომამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 1:2 დამარცხდა. მილანელებმა 57-ე წუთზე მეორე გოლი პენალტით გაიტანეს, ასევე “როსონერის” მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრის დამატებით წუთებში რომაელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ.
საბოლოო ჯამში, ჟოზე მოურინიო მსაჯობით უკმაყოფილო იყო. “რომას” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმე წინადადება თქვა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
“ვულოცავ “მილანს” გამარჯვებას. მეტს არაფერს ვიტყვი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ტურში გუნდს მოედნიდან ვეღარ ვუხელმძღვანელებ. გაბრაზებული ვარ იმით, რომ “რომას” ფანების მიმართ უპატივცემულობას იჩენენ. კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენ პატივისცემას ვიჩენთ, სხვები – არა, ეს კი მაბრაზებს. სულ ესაა”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.