მიხაილოვიჩი: “ბალოტელის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა “კიევოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
“მატჩამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. ასე რომ, ჯერ ვერ გეტყვით, რა წყობით ვითამაშებთ, თუმცა ის კი ვიცი, რომ მოედანზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოვიყვან, რომლებიც ასი პროცენტით იქნებიან მზად.
რაც შეეხება ბალოტელის, იგი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მას ამ ტიპის სირთულეები ყოველთვის ჰქონდა და როგორმე უნდა დაძლიოს.
ბალოტელი ბოლო ორი თვეა, ბევრს შრომობს. ვიმეორებ, იგი სასურველ კონდიციებშია. მე მარიოსა და ჟერემი მენეზს რაღაცის გაკეთება ვთხოვე, თუმცა მათ ხუთი ცდიდან მხოლოდ ერთხელ შეძლეს შესრულება, რაც გუნდისთვის საკმარისი არ არის. თუ ჟერემის ფიზიკური მდგომარეობის მხრივ აქვს პრობლემა, მარიოს კონცენტრაცია არ ჰყოფნის”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Football Italia.
ცნობისთვის, მატჩი “კიევოსა” და “მილანს” შორის კვირას, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.