მიხაილოვიჩი: “იბრას გადმოსვლა “მილანს” სკუდეტოს სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
“არ ვიცი, რა გითხრათ იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იქნება. იგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. თუ იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან გადმოვა, “მილანის” სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატი იქნება”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს ESPN.
თავის მხრივ, “მილანის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა “როსონერი” მოვლენების განვითარებას დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში” 2010/12 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში შვედმა თავდამსხმელმა “როსონერის” რიგებში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.