მიხაილოვიჩი: “სამწუხაროდ, ჰარი პოტერი არ ვარ”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია მის გუნდს წარმატებულად ასპარეზობისთვის.
“ჰარი პოტერად ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს.
ფეხბურთელებს ყურადღება მივაქცევინე ერთ საინტერესო ფაქტზე: ჩვენ ჩემპიონატში სახიფათო მომენტების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა რეალიზაციაში მხოლოდ მეთერთმეტე პოზიცია გვიკავია. შეტევის დასრულებისას მეტი სიზუსტე მოგვეთხოვება.
ვიცი, რომ “მილანმა” ამ ზაფხულს დაახლოებით 80 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა გუნდში მოყვანილი სამი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ეს გადაყრილი თანხა არ არის. რომანიოლი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე იქცა დაცვის ხაზში შეუცვლელ ფიგურად. ბაკა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ბერტოლაჩი კი, თუ ჯანმრთელადაა, ძალიან კარგად თამაშობს”, – მიხაილოვიჩის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.