მიხეილ აბაიშვილი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია
21 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მომდევნო 4 წლის ვადით ასოციაციას მიხეილ აბაიშვილი უხელმძღვანელებს.
„მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ წარმატებით გავართმევ თავს ყველა ამოცანას, რომელიც ჩემი პროგრამით გაგაცანით. ვიმედოვნებ, მომდევნო არჩევნებისთვის, ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი ასოციაცია გაცილებით კარგ მდგომარეობაში იქნება”, – განაცხადა მიხეილ აბაიშვილმა.
მიხეილ აბაიშვილი სსჟა-ს მესამე პრეზიდენტია ელგუჯა ბერიშვილის და გია გორგოძის შემდეგ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა ბარათაშვილი ასრულებდა, რომელიც ხელმძღვანელობდა დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
სსჟა-ს პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი დარეგისტრირდა: მიხეილ აბაიშვილი, გიორგი დარჯანია, ლაშა დვალიშვილი, ვახტანგ გეგელია და სალომე ხარატიშვილი. ვახტანგ გეგელიამ და სალომე ხარატიშვილმა სსჟა-ს აღამსრულებელ კომიტეტს კანდიდატურის მოხსნის შესახებ წერილობით შეატყობინეს, ხოლო ლაშა დვალიშვილმა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა კანდიდატურა.
საპრეზიდენტო არჩევნებში 94-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. 56-მა მიხეილ აბაიშვილს დაუჭირა მხარი, 36-მა – გიორგი დარჯანიას, ხოლო 2 ხმა გაბათილდა.
მიხეილ აბაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავისი გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა ბარათაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე. აღმასრულებელ კომიტეტში შევიდნენ ზვიად შათირიშვილი (ხაზინადარი), თამარ ბალავაძე, ლაშა გოდუაძე, დემიკო ლოლაძე, პაატა ნაცვლიშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, თემურ ჯაფარიძე და ჯამლეტ ხუხაშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური პრემიების ლაურეატები გამოავლინა. ნუგზარ შატაიძის სახელობის პრემია (წლის საუკეთესო ახალგაზრდა ჟურნალისტი) ლაშა გოდუაძეს მიენიჭა (წიგნისთვის „13 მაისის 35 წლის იუბილე”); გურამ თიკანაძის პრემია (სპორტული ფოტოგრაფია) – ავთანდილ გურასაშვილს; ეროსი მანჯგალაძის პრემია (რადიოჟურნალისტიკა) – დავით კაკაბაძეს; კოტე მახარაძის პრემია (ტელეჟურნალისტიკა) – თამარ ბალავაძეს; ნოდარ გუგუშვილის პრემია – პაატა ნაცვლიშვილს (ხუთტომეულისთვის „ჩემი ოლიმპიური ქორონიკონი”), მიხეილ კაკაბაძის პრემია (ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) – დავით ქლიბაძეს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური