“მილანი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, მჭედლიძე ისევ სერია B-ში
26 მაისს, იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. 38-ე ტურს დიდი ინტრიგა ახლდა თან – გასარკვევი იყო, თუ ვინ მოიპოვებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს, ასევე, ვინ დაემშვიდობებოდა სერია A-ს.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის “ატალანტა”, “ინტერი” და “მილანი” იბრძოდნენ. “მილანს”, რომელიც სპალ-ს უპირისპირდებოდა, “ატალანტა” – “სასუოლოსა” და “ინტერი” – “ემპოლის” მატჩიდან ნებისმიერში მასპინძლების ფრე ან წაგება სჭირდებოდა, თავად კი უნდა გაემარჯვა. ასეთ შემთხვევაში “როსონერი” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა.
ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა სპალ-ი სტუმრად 3:2 დაამარცხა, თუმცა “ინტერმაც” და “ატალანტამაც” თავიანთ შეხვედრებში გაიმარჯვეს. “ატალანტამ” “სასუოლოს” 3:1 სძლია, ხოლო “ინტერმა” “ემპოლი” 2:1 დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ “მილანი” მომავალ სეზონში კვლავაც ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
ამავდროულად, “ემპოლი” სერია B-ში დაქვეითდა. ლევან მჭედლიძის გუნდს სერია A-ში დასარჩენად “ინტერთან” ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მილანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. “ემპოლისთან” ერთად სერია A-ს “კიევო” და “ფროსინონე” დაემშვიდობნენ.