„მილანი“ იტალიის თასის ფინალშია
იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში „მილანმა“ „ალესანდრია“ დაამარცხა. პირველ მატჩთან შედარებით, რომელიც მიჰაილოვიჩს გუნდმა ბალოტელის ზუსტი პენალტით გასვლაზე მხოლოდ ანგარიშით 1:0 მოიგო, დღეს „შავ-წითებმა“ მეტოქეს ხუთი გოლი გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენმლობაში მატჩი ჟერემი მენეზმა დაიწყო, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ მეოდანზე მხოლოდ ორი კვირის წინ დაბრუნდა.
ანგარიში მე-20 წუთზე სწორედ ფრანგმა ფორვარდმა გახსნა, ოთხ წუთში კი თავისი გუნდის უპირატესობა მცველ ალესანდრო რომანიოლიმ გაზარდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე მენეზმა დუბლიც შეასრულა. შეხვედრის მიწურულს „მილანმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა – მე-80 წუთზე, მენეზის მსგავსად, დუბლი რომანიოლიმ შეასრულა, 9 წუთში კი თავი მარიო ბალოტელიმაც გამოიჩინა.
ამგრავად, „მილანი“ ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი ტურინელებმა შინ, დამაჯერებელი ანგარიშთ, 3:0 მოიგეს.
„მილანი“ – „ალესანდრია“ 5:0
გოლები: მენეზი 20′, 39′, რომანიოლი 24′, 80′, ბალოტელი 89′