“მილანის” ფანები საშინაო მატჩების ბოიკოტირების გაგრძელებით იმუქრებიან
“მილანის” გულშემატკივრების ნაწილი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის საშინაო მატჩების ბოიკოტირების გაგრძელებით იმუქრება.
ამის შესახებ ულტრასების ლიდერმა ჯანკარლო კაპელიმ “ფუტბოლ იტალიასთან” საუბარში განაცხადა. მისი თქმით, იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში გენუის “სამპდორიასთან” 12 აპრილს გასამართ შეხვედრაში “სან სიროს” არენაზე ფანების სექტორი შეიძლება კვლავ ცარიელი დარჩეს.
“სილვიოსა და ბარბარასთან შეხვედრას ვითხოვთ. მათ უკვე მიიღეს ჩვენგან წერილი და პასუხს ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ბერლუსკონებმა არაფერი გვიპასუხეს, “სამპდორიასთან” მატჩში პროტესტი გაგრძელდება,”-განაცხადა კაპელიმ.
როგორც ცნობილია, “მილანის” ულტრასებმა 28-ე ტურში “კალიარისთან” შეხვედრის წინ ბოიკოტირება მოახდინეს და სექტორზე დატოვეს ბანერი წარწერით: “თამაში დასრულდა, კლუბის გადასარჩენად თანხა გაიღეთ”.