ბობანმა “მილანის” დირექტორის პოსტი დატოვა, მალდინიც ბარგს ალაგებს
“მილანი” ოფიციალურად ადასტურებს ფინანსურ საკითხებში გუნდის დირექტორის, ზვონიმირ ბობანის, დათხოვნის ფაქტს. ამ ყოველივეს მიზეზი ხორვატ სპეციალისტსა და გუნდის გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისს შორის მომხდარი გაუგებრობაა.
51 წლის ბობანი გუნდში ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინის მხრადამხარ მუშაობდა. სწორედ მათი პასუხისმგებლობით დაინიშნა მარკო ჯამპაოლი და სტეფანო პიოლი “როსონერის” თავკაცის პოსტზე.
როგორც ცნობილი ხდება, გაზიდისმა ბობანთან და მალდინისთან თანამშრომლობის გარეშე, მათ ზურგს უკან გადაწყვიტა გუნდში “ლაიფციგის” ყოფილი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის, მოყვანა.
“რამდენიმე დღის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კლუბში ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამაზე საჯაროდ გვიწევს საუბარი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც გუნდი რეალურად პროგრესირებს პიოლის დიდი შრომის ხარჯზე. ჩვენ ზურგს უკან მოქმედება არაელეგანტურია, უპატივცემლობას აქვს ადგილი. ეს “მილანის” სტილი არ არის,” – აცხადებს ბობანი.
ბუნებრივია, მომხდარით უკმაყოფილოა და თანამდებობის დატოვებას გეგმავს პაოლო მალდინიც.