მილანური დერბი უგოლოდ დასრულდა
იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძელი „ინტერი“ „მილანს“ შეხვდა.თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
პირველ ნახევარში უპირატესობას „ნერაძური“ ფლობდა, თუმცა რამდენიმე მომენტით „მილანიც“ გამოირჩა. პირველ 45 წუთში „როსონერის“ საჯარიმოს შესრულების შემდეგ გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს – თამაშგარე მდგომარეობაში ალექსი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში „ინტერი“ კიდევ უფრო დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც შექმნილ მომენტებშიც გამოჩნდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ერნანესის დარტყმის შემდეგ ლუკა ანტონელის ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ლუკა ბანტიმ თერთმეტმეტრიანის ნაცვლად მხოლოდ კუთხური დანიშნა. მოგვიანებით ფილიპ მექსესმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა, „ინტერი“ კი ანგარიშის გახსნასაც აღნიშნავდა, თუმცა გვერდითა მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ ლუკა ბანტიმ როდრიგო პალასიოს მხრიდან ლუკა ანტონელიზე თამაშის წესის დარღვევისთვის გოლი არ ჩათვალა. დარჩენილ დროში მანჩინის გუნდს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. შეხვედრის ბოლოს იკარდის დარტყმის აღნიშვნა შეიძლება, რომელიც ლოპესის კარს დიდი მანძილის ასცდა. მატია დესტროს დარტყმას თუ არ ჩავთვლით, მეორე 45 წუთში „მილანს“ მომენტები არც ჰქონია.