მილევსკი: “როცა ასე მარცხდები, არ ვიცი, რომელ მიზეზზე უნდა ისაუბრო”
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ შინ საქართველოსთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. როცა ასე მარცხდები, არ ვიცი, რომელ მიზეზზე უნდა ისაუბრო. 50 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, მეორე გოლის გაშვების შემდეგ კი ფიზიკურად გავითიშეთ. შესამჩნევი იყო, რომ საქართველოს ნაკრები, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა. სამწუხაროა, რომ პირველ 50 წუთში, როცა ვდომინირებდით, გოლი ვერ გავიტანეთ.
მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ, სასაყვედურო არაფერი მაქვს. აქამდეც მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლაა. ჯგუფში სამი შეხვედრაა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ უნდა დავიცადოთ. სანამ თეორიული შანსი გვაქვს, ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მილევსკის სიტყვებს sportski.mk.