მილიტო გოლით დაბრუნდა
მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა მოიშუშა, 7-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და „ლუგანოს“ კარში გოლიც გაიტანა. 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ „ნერიაძურის“ ძირითად შემადგენლობაში მალე დაბრუნდება.
„დიდებულია, რომ ბურთი კარის ბადეში ისევ გავახვიე, ამით ხომ ნებისმიერი თავდამსხმელი ცხოვრობს?! გატანილი გოლის გარდა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საფეხბურთო მინდორზე კვლავ გასვლა. თავს უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, ჩემს საუკეთესო ფორმას მალე დავიბრუნებ და გუნდსაც მალე შევეშველები. ცუდი პერიოდი დასრულდა, დაბრუნებისთვის თითქმის მზად ვარ“, – განაცხადა მილიტომ.
ცნობისთვის, „ინტერსა“ და „ლუგანოს“ შორის გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მილიტომ შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ბექა დოგრაშვილი