მილტონ ჰეიგი: “ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშით ბევრ რამეს სწავლობ”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასი უელსთან განცდილი მარცხით დაიწყო. “ბორჯღალოსნები” მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან 43:14 დამარცხდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.
– პირველი ტაიმი რთული გამოდგა. მეორე ნახევარში ქართული მებრძოლი სული გამოვავლინეთ, რითაც ცნობილები ვართ. თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევარში, როცა ბურთი ჩვენ გვქონდა, მეტოქეს წნეხში ვამყოფებდით.
– საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ყოველთვის ითხოვდით, რომ პირველი დონის ქვეყნებთან სათამაშოდ უფრო მეტი შანსი მოეცათ. იყო თუ არა უელსთან მატჩი არგუმენტი ან პირიქით, იმისა, რომ ექვს ერში მიგიღონ?
– თუ საქართველოს ნაკრებს პროგრესი სურს, მაშინ 6 ერში ყოფნა საციცოხლოდ მნიშვნელოვანია. მსოფლიო თასზე უელსთან თამაშის დროს ჩვენგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშით ბევრ რამეს სწავლობ. საქართველოს პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ მატჩების გამართვა წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ მაინც სჭირდება.
– როგორი იყო უელსის ნაკრების დამარცხების გეგმა?
– ჩვენ სტანდარტული სიტუაციების გუნდი ვართ. გვიყვარს, როცა საკუთარ ძალას ვიყენებთ, თუმცა როცა ბურთის გაშლას ვიწყებთ, მაშინ საქმეში ახალგაზრდა მოთამაშეები ერთვებიან.
– რატომ არ თამაშობთ პირველი დონის ქვეყნებთან უფრო ხშირად?
– ბოლო რვა წლის განმავლობაში, მე მუდმივად ამ საკითხზე ვსაუბრობ. ჩემი მოსაზრება მსოფლიო რაგბის არაერთხელ გავაცანი. შეიცვლება რამე? არ ვარ დარწმუნებული. საქართველოს ნაკრებისათვის ექვსი ერში ყოფნა ძალიან მომგებიანი იქნებოდა.
– უელსი ნამდვილად კარგი გუნდია, ამ მატჩში საქართველოს ნაკრების სუსტი მხარეები გამოჩნდა…
– ხუთი წლის წინ უელსელ მწვრთნელებთან ურთიერთობა მქონდა, ეს სამწვრთნელო შტაბი ძალიან ბევრს შრომობს. მათ დიდი ბიჭები ჩვენი 10 ნომრის წინააღმდეგ გამოიყენეს და ასე არაერთი ქულა აიღეს. ისინი ამოსუნთქვის საშაულებას არ გვაძლევდნენ და მუდმივ წნეხში გვამყოფებდნენ. უელსი სრულყოფილი გუნდია.
– შეუძლია უელსის ნაკრებს მსოფლიო თასის მოგება?
– მიუხედავად იმისა, რომ უელსი ძალიან კარგი გუნდია, ნომერ პირველ ფავორიტად მაინც არ ითვლება. ამ ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები ჰყავს, მაგრამ ასევე, არიან სხვა მწვრთნელებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი გუნდებიც კარგად თამაშობენ. საინტერესო იქნება…
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 29 სექტემბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.