მილტონ ჰეიგი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო”
11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
პირველი კითხვა ახალ ზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა:
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც – კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ“.
ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე გელა აფრასიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილზე გააკეთა:
„ლაშა ხმალაძემ წინა კვირას ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო თამაში და დაცვაში ძალიან კარგი იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება. გელას რაც შეეხება, ველით თამაშში იმის შემოტანას, რაც შესაძლოა მანამდე გვაკლდა. მას ბურთით სირბილი უყვარს, სწრაფია და მუდამ ყურადღების ქვეშ ექცევა, რამაც შესაძლოა სივრცეები გააჩინოს“.
მილტონი ამბობს, რომ ავსტრალიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ჩვენი გუნდი ეცდება, რომ მის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში აჩვენოს:
„ის უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც ოთხი წლის წინ „ოლ ბლექსთან“ ფინალში ითამაშა. ავსტრალია ათეული წლებია მუდამ ფიგურირებს მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში. მათ აქვთ საჭირო უნარები, სისწრაფე, ყავთ ძალიან ძლიერი ნახევარმცველები და უკანასნელი 12 თვის განმავლობაში, შერკინებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. მოკლედ, ძალიან კარგი გუნდია, თუმცა როგორც ბიჭებმა აღნიშნეს, ჩვენთვის მათთან თამაში უკანასკნელი შესაძლებლობაა, შინ თავაწეულები რომ დავბრუნდეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ავსტრალიას ეთამაშება. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“.
ავსტრალიასთან ისტორიაში პირველი მატჩი, უკანასკნელი იქნება მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, რაზეც ის ამბობს:
„ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება. ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი, ახლა კი, სრულად მომავალ თამაშზე ვართ მობილიზებული“.
Rugby.ge