მილტონ ჰეიგი: “ეს ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა”
31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.
შოტლანდიასთან მატჩზე: “ეს ქართული რაგბისათვის ისტორიული მოვლენაა და მადლობას ვუხდით შოტლანდიის რაგბის კავშირს, რომ მათ პირობა შეასრულეს. ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი მატჩის ჩატარება გვიწევს საკუთარ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ქვეყნის წინაშე საკუთარი თავები წარმოვაჩინოთ.”
გულშემატკივრებზე: “ჩვენთვის გულშემატკივრები ძალიან მნიშნველოვანი ნაწილია, რადგან მათთან ერთად თამაში უფრო გვიადვილდება. ასევე, მაყურებლების რაოდენობა მნიშვნელოვანია 6 ერის ხელმძღვანელობისთვისაც.”
მამუკა გორგოძის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე: “რა თქმა უნდა, ახლა ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. მამუკასთან არაერთხელ ვისაუბრეთ. ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ მასთან საუბარი გვქონდა. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელთა შტაბი დავსხდებით და ვიმსჯელებთ საბოლოო სელექციაზე.”
მერაბ შარიქაძეზე: “ის სამკვირიან რეაბილიტაციის პერიოდს გაივლის. ვიმედოვნებთ, მსოფლიო თასზე იქნება. შეიძლება, მსოფლიო თასზე ბოლო ორ მატჩში დაგვიბრუნდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის რეაბილიტაციის პერიოდი.”