მილტონ ჰეიგი: “იაპონიის ნაკრების დამარცხება გაგვიჭირდება”
როგორც იცით, 23 ნოემბერს, რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღეს, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.
მილტონ ჰეიგი: “ტრავმირებული მორაგბეები კვლავაც გვყავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნაკრების სხვა წევრებს თავის წარმოჩენის შანსი აქვთ. ჩვენთვის, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია. ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, მათ წინააღმდეგ მოგება გაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კარგად ვითამაშოთ. ხვალ, უპირველეს ყოვლისა, დისციპლინაა საჭირო. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.
იაპონელები თამაშის ხარისხს სწრაფად აუმჯობესებენ. მათ მოლის კარგად შექმნა შეუძლიათ და რაც მთავარია, ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სწრაფი გუნდია.
ირლანდიის ნაკრებთან პირველ ტაიმში, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი ბევრი შეცდომა დავუშვით. რაც არ უნდა იყოს, 14 კაცით ვთამაშობდით. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მსაჯი? მოკლედ რომ ვთქვათ, მას ბევრი რამ გამორჩა.
როცა გუნდს უმეტესად თავის დაცვა უწევს, ეს ძალიან დამღლელია. როგორი მორაგბეც არ უნდა იყო, აუცილებლად დაიღლები.
წინა შეხვედრებში ბევრი შეცდომა დავუშვით, ხვალ კი იგივე აღარ უნდა გავიმეოროთ.”
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები