მილტონ ჰეიგი: საქართველო ბობოლებს ისე უმასპინძლებს, როგორც არავინ
ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიო თასზე რაგბიში გასაოცარი შედეგი აჩვენა იაპონიამ, რომელმაც ისტორიაში პირველად ჯგუფში სამი გამარჯვება მოიპოვა. პირველად მოხდა ისე, რომ სამი გამარჯვების მომპოვებელი გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდა. ასევე დაამშვენა მსოფლიო თასი საქართველოს მოგებამ ტონგასთან. ამის შემდეგ მეორე ეშელონის გუნდების დაწინაურებაზე სარაგბო სამყარო ალაპარაკდა.
დავამატოთ ისიც, რომ საქართველომ ზედიზედ 5-ჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი და იტალია 6 ერის რეიტინგში რა ხანია ბოლო ადგილს ვერ აცდა. ამ ფაქტმაც 6 ერის საკითხი აქტიურად წამოჭრა.
საქართველოს 6 ერში შეყვანის საკითხს ის აზრი ეწინააღმდეგება, რომ თბილისში არ არის ისეთი სარაგბო პირობები, როგორიც რომში, პარიზში, ლონდონში, კარდიფში, ედინგბურგსა და დუბლინში. თუმცა ბორჯღალოსნების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება.
– ბევრი კარგი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა ითამაშონ საქართველოში პირველი ეშელონის გუნდებმა. პირველ რიგში ისინი ამით რაგბს გლობალურს გახდიან და მე პირობას ვდებ, რომ საქართველო მათ ისე უმასპინძლებს როგორც არავინ არასდროს. მზად ვართ ნებისმიერ პირველი დონის გუნდთან ამ თემაზე სასაუბროდ. ველოდებით შანსს, რომ ჩვენი თამაში რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავიყვანოთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემა მალე გადაწყდება და ბობოლა გუნდები თბილისში ივლიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშათ.