მილტონ ჰეიგი: შედეგზე უფრო ახლა ხარისხი მაინტერესებს
გუშინ საქართველოს ორაგბეთა ნაკრებმა 15:16 დათმო კანადასთან. მატჩის შესახებ საუბრობს „ბორჯღალოსანთა“ მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
_ „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ აშკარად მოვუმატეთ. თამაშით კმაყოფილი ვარ. მეტყვით, კანადამ მოგვიგოო, მაგრამ ჩვენც გვქონდა შანსები. სამწუხაროდ, შეცდომებიც დავუშვით. მთავარია, მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესოთ ხარისხი. კარგია, რომ ბოლო 10 წუთში მაგარ ჯანზე ვიყავით. კარის ნაცვლად ჯარიმებს კიდეზე ვურტყამდით იმიტომ, რომ ეს მაინც საწვრთნელი, მოსათელი მატჩი იყო და კომბინაციებს ვხვეწდით. ბოლო ჯარიმაზეც ასე მოვიქეცით და კიდეც გავიტანეთ ლელო. იაპონიასთან თამაშის წინ კანადასთან გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ შერკინება კარგ ფორმაშია. სამუშაო მაინც ბევრი გვაქვს. ამ ეტაპზე შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხია. ბექებსაც არა უშავდათ. გაშლილად ვუტევდით, მარდად, მაგრამ წუნიც გვქონდა. იაპონიასთან შერკინებამ აკრეფილ სიჩქარეს უნდა უმატოს და ბექებიც მიყვნენ. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტაქტიკურ დარტყმებს, თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იაპონია წნეხის ქვეშ ვამყოფოთ.