მილტონ ჰეიგი: “შეგვიძლია, ექვსი ერის მონაწილეები ტურნირში საქართველოს ჩართვაზე დავაფიქროთ”
დღეს, საქართველოს დროით 18:30 საათზე ბროჯღალოსნების წლის სანაკრებო სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩში შოტლანდიას ქილმარნოქის რაგბი ოარკზე დაუპირისპირდებიან.
შოტლანდიელთა ახალ ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა საუკეთესო რაზმის დაყენებით ქართველებისადმი პატივისცემა გამოავლინა. ის, სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები და მორაგბეები ბორჯღალოსნებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებშიც აფიქსირებენ.
რაც შეეხება ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელ თავკაც მილტონ ჰეიგს, მისი აზრით ესაა შანსი, რომ ქართველებმა მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაანახონ:
“ეს მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ექვსი ერის გუნდებთან – ამ შემთხვევაში შოტლანდიასთან თამაშის შესაძლებლობა დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ გვეძლევა. ესაა შანსი შევახსენოთ თავი მსოფლიო სარაგბო თანამეგობრობას, ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და ამავდროულად, შევქმნათ საფუძველი ისეთი დისკუსიებისთვის, როგორიცაა ექვსი ერის გაფართოება. ჩვენი გამორჩეული თამაშით, შეგვიძლია ექვსი ერის არსებული მონაწილეები ტურნირში საქართველოს ჩართვაზე სერიოზულად დავაფიქროთ.
“ამას თავი რომ დავანებოთ, დღეისათვის შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, რაც ძალიან კარგი შედეგია. მეტოქე ძლიერია და მასთან თამაში ჩვენთვის დამკვიდრების შესანიშნავი საშუალებაა. აუცილებელია გაგრძელება მივცეთ იმას, რაც წინა წლებში და განსაკუთრებით განვლილ მსოფლიო თასზე გაკეთდა“.
გასულ შაბათს სამოასთან 20-16 მოგებულ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. განაცხადში არაა გიორგი კოშაძე და შუამარბად მის ადგილს თამაზ მჭედლიძე დაიკავებს, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით უმთავრესად გარემარბად თამაშობს. ამის მიზეზი კოშაძის ტრავმაა, რომელიც მან სადებიუტი სანაკრებო მატჩში მიიღო:
“მჭედლიძისთვის ცენტრში თამაში უცხო არაა. საჭიროების შემთხვევაში ის შესანიშნავად ირგებს ამ ამპლუას – ნაკრებშიც და კლუბშიც. კოშაძემ ტვინის შერყევა მიიღო და სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. გარდა ამისა, ის ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელია. ვფიქრობ, შოტლანდიის დარ დიდ ნაკრებთან საბრძოლველად მისი მოედანზე გაყვანა გაუმართლებელი რისკი იქნებოდა. ამ თამაშში ძლიერი, გამოცდილი შუამარბები უფრო გვჭირდება და თაზოს გადმოწევით ეს რგოლი გავაძლიერეთ“.
თუ არ ჩავთვლით წლის მსოფლიო თასს, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ტესტ-მატჩს მართავენ. წინა გამოცდილებებმა დაგვანახა, რომ ასეთ თამაშებში დაცვაში განსაკუთრებით ძლიერ თამაშს ორმაგი ფასი აქვს. იაპონიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ, სამოასთან ჩვენი გუნდის დაცვა უკეთ გაისარჯა და ჰეიგი თვლის, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდით ერთად ყოფნის და შეთამაშების შედეგია:
“განსაკუთრებული არაფერი შეგვიცვლია და ზუსტად ისე ვვარჯიშობდით, როგორც ყოველთვის. ვფიქრობ საქმე იმაშია, რომ ტესტ-სერიის პირველ თამაშს ყოველთვის ახლავს სირთულეები. ამ მხრივ იაპონიას უპირატესობა ჰქონდა, რადგან ჩვენთან ჩამოსვლამდე არგენტინას ეთამაშა და უკეთ იყო შეთამაშებული. ჩვენს პირველ და მეორე თამაშს თუ შევადარებთ აშკარაა, რომ სამოასთან ბორჯღალოსნები გაცილებით ორგანიზებულები იყვნენ დაცვაშიც და შეტევაშიც. გვაქვს იმედი, რომ შოტლანდიასთან მატჩში ხარისხი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. კარგად გვესმის, რომ ამ თამაშში დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება. თუ გვინდა რომ მოვიგოთ, ბრწყინვალე დაცვა უნდა ვითამაშოთ. თუ დიდ გუნდებთან მოგებულ თამაშებს გავიხსენებთ, ყველა მათგანში ბრწყინვალე დაცვა ვითამაშეთ და ხვალაც ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“.
ჰეიგს მიაჩნია, რომ შოტლანდიის ძლიერი მხარე შეტევაა და თუ მათ ამაში ხელი შევუშალეთ, მერე გამარჯვების იმედიც უნდა გვქონდეს:
“შოტლანდიის ძლიერი მხარე შეტევაა. მათ შესანიშნავი, სწრაფი და სხარტი ფულბექი ჰყავთ. მეტოქის შეტევებისა და კონტრშეტევების ჩაშლას თუ მოვახერხებთ, მერე თამაშის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებაც შესაძლებელი იქნება. მთელი კვირის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, გლაზგოში გამართული კაპიტნის ვარჯიშიც კარგი გამოვიდა, მსგავს მეტოქეებთან შეხვედრა ბორჯღალოსნებისთვის მუდამ დამატებითი მოტივაციაა და ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველოდები“.
წლის ყველაზე რთული მატჩის მოლოდინშია ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა ისიც ადასტურებს, რომ ფავორიტ შოტლანდიასთან გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს:
“ნოემბრის ტესტებზე ყველაზე რთული მატჩი გველის. ამ თამაშისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშეები, მოსაგებად ვართ განწყობილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თამაში ღირსეული შედეგით დავასრულოთ. ფავორიტი რა თქმა უნდა შოტლანდიაა. ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით ის დიდ პროგრესს განიცდის და ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით თამაშობს. ამით ნათლად ჩანს, რომ მეტოქე პატივს გვცემს და ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ სერიოზული განწყობით ემზადება. ჩვენამდე მათ ორი მაღალი დონის თამაში ჩაატარეს, თუმცა ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები დავკეტოთ და ჩვენი სრულად გამოვიყენოთ. რა როგორ გამოვა შაბათს გამოჩნდება“.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მოეწყობა.
Rugby.Ge