მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა.
როგორც იცით, შოტლანდიამ “ბორჯღალოსნები” “მარიფილდზე” 36:9 დაამარცხა. ეს საქართველოს ნაკრებისათვის მსოფლიო თასამდე ბოლო მატჩი იყო.
“ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა. მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა“ – თქვა ჰეიგმა.
ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:
“გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება. მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე”, – ამბობს ჰეიგი.
საქართველოს ნაკრები შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება.
მომზადებული Rugby.ge-ს მიხედვით