მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 26 ივნისს ჟვანიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის ნაკრების შემადგენლობაში ვიღაცის პირადი ინტერესების გამო არ შეიყვანეს.
“მიზეზი ძალიან მარტივია. უბრალოდ, ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში ყოფილიყო. არანაირ პიროვნულ ინტერესზე არ არის საუბარი და არც შეიძლება იყოს. პროტოკოლის ერთ-ერთი მოთხოვნა, რაზეც ყველანი შევთანხმდით, მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც, ისაა, რომ როდესაც იქნებოდა კონკრეტული პერიოდი ტესტების ჩასატარებლად, შეკრების წინ, მოთამაშეები ისეთ ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ, როგორი მოთხოვნებიც იყო. რადგანაც ამ მსოფლიო თასზე განსხვავებული რაგბის თამაშს ვაპირებთ, ჩვენ ეს მოთხოვნები დავაყენეთ და ამ მოთხოვნებს მწვრთნელებიც და მორაგბეებიც დაეთანხმნენ.
ნაკრების წევრების 95-მა პროცენტმა ეს ინდივიდუალური ტესტები ჩააბარა და მივიღეთ ისეთი მონაცემები, როგორიც მათ აქამდე არ ჰქონიათ. 5-მა პროცენტმა ეს ვერ შეძლო, ზურა ამ 5 პროცენტის ნაწილი იყო.
მე მესმის, მოთამაშე გულგატეხილია, რადგან ის ნაკრებში ვერ მოხვდა. შემადგენლობაში ბევრი მოთამაშე ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ძალითა და ღონით ემზადებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ფაქტობრივად, ზურამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა.
რა თქმა უნდა, შერჩევის კრიტერიუმი მხოლოდ ერთი ტესტი არ ყოფილა, ეს ტესტი მხოლოდ ნაწილი იყო. თუმცა, როცა არის შეთანხმება, რომ ტესტის ჩატარების დროს უნდა მოხვიდე საუკეთესო ფორმაში მყოფი, ეს შეთანხმება უნდა შეასრულო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რითაც ვარჩევთ. თუ შეხედავთ იმ მორაგბეებს, რომლებიც ზურას პოზიციაზე ავიყვანეთ, მიხვდებით, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა”, – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.