მილტონ ჰეიგმა კანადასთან სამატჩო რაზმი დაასახელა
ბორჯღალოსნები ერთი კვირაა რაც კანადაში, ქალგარიში იმყოფებიან და ემზადებიან ამერიკული ტურნეს პირველი ტესტისთვვის კანადის წინააღმდეგ. მატჩამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.
ტრანსლაცია
თამაში ‘რაგბი პარკზე’ ადგილობრივი დროით 10 ივნისს, 15 საათზე იწყება. ამ დროს თბილისში შუა ღამე გადასული იქნება და შეხვედრა ჩვენი დროით 11 ივნისს, პირველ საათზე დაიწყება. კანადური მხარე სატელევიზიო რეპორტაჟს არ ახორციელებს, სამაგიეროდ წარიმართება 4 კამერიანი ლაივსთრიმი, რომელიც კანადის რაგბის კავშირის ფეისბუქის გვერდზე @RugbyCanada გაიმართება. გარდა ამისა საზოგადოებრივი მაუწყებელი, კანადურ მხარესთან ტექნიკურ დეტალებს არკვევ, რის შედეგადაც სთრიმი ქართული კომენტარით ასევე საზოგადოებრიი მაუწყებლის სოც მედია პლატფორმაზეც გადმოიცემა.
შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ლევან ჩილაჩავა, ვიტო კოლელიშვილი და შალვა მამუკაშვილი. მათმა გუნდებმა (კლერმონი და ტულონი) 4 ივნისს საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ.
ძირითადში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 705-ია (393 ხაზი, 312 მორკინალი) და აქედან მხოლოდ ერთს აქვს 20-ზე ნაკლები, თუმცა თადარიგის მოთამაშეებიდან ოთხ მორაგბეს ნაკრებში 10 თამაშიც არ ჩაუტარებია.
„კანადის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი რაზმი შევარჩიეთ, რაც ხაზს მატჩის მნიშვნელობას ჩვენ კიდევ გვახსოვს მარტში რუმინეთთან წაგებული მატჩი და აქედან გამომდინარე მიზნად ვისახავთ იმას, რომ კანადის წინააღმეგ კარგი თამაში ვანახოთ“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
მეორე ქართველი ცენტურიონი
სასტარტო შემადგენლობაშია და ქალგარში თავის მე-100 კეპს მოიხვეჭს დავით კაჭარავა. გუნდს მისი მეწყვილე მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს. თამაშს იწყებს ყველაზე მეტი კეპის მქონე, ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე, ფულბექი მერაბ კვირიკაშვილი. ფლანგებზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუასა და ახალბედა სოსო მათიაშვილს (1 კეპი) ვიხილავთ. მათიაშვილს სანაკრებო დებიუტი ამა წლის 4 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან ჰქონდა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა.
ღერძი ნაცადი და გამოცდილია – ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე. პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ანტონ ფეიქრიშვილი დადგებიან. ამ უკანასკნელმა ნაკრების კვართით ბოლოს ერთი წლის წინ, შარშანდელ ივნისის ტესტებზე სუვაში ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.
მეორე ხაზში გიორგი ნემსაძისა და კოტე მიქაუტაძის გამოცდილ წყვილს ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში ლაშა ლომიძე, გიორგი თხილაიშვილი და ბექა ბიწაძე დადგებიან.
თადარიგშია ახალგაზრდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც ნაკრებში პირველად შარშან, ნოემბრის ტესტებზე ითამაშა. ნაკრების კვართით პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ამჯერად თადარიგშია სოსო ბეკოშვილი (5 კეპი), ხოლო მეორე ბურჯი გამოცდილი კარლენ ასიეშვილია. მეორე ხაზში შეცვლაზეა ნოდარ ჭეიშვილი და ვეტერანი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც სანაკრებო კვართი ბოლოს შარშან, ოკეანეთის ტურნეზე ფიჯისთან მატჩში მოირგო.
მესამე ხაზის შემცვლელად ოთარ გიორგაძეს ვიხილავთ, რომელსაც აქამდე ნაკრებში 4-ჯერ უთამაშია, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან თადარიგში გამოცდილი ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე არიან.
„ამ კვირის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ და ახლა ის დაგვრჩენია ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ შაბათს. გარდა ამისა, ამ თამაშს ჩვენთის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი წევრი შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. დავით კაჭარავა ბოლო 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდის შეუცვლელ და მნიშვნელოვან წევრს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ კაჭიმ მეასე კეპი გამარჯვებით იზეიმოს“ დასძინა მილტონ ჰეიგმა.
Rugby.GE