მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა
ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩამდე 48 საათზე ნაკლები რჩება და მილტონ ჰეიგმა ის 23 ბორჯღალოსანი შეარჩია, რომელთა მეშვეობითაც იაპონიასთან ისტორიული გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ამ თამაშს ჩვენი გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. რაზმიდან ჰეიგმა მცირე ტრავმების გამო გარემარბი ალექსანდრე თოდუა და მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე მოისაკლისა, რომელთა დაზიანებაც მსუბუქთა კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მწვრთნელმა არ გარისკა და მათ დასვენების საშუალება მისცა.
შერკინება
შერკინების პირველ ხაზში, ივნისის ტესტების გამოტოვების შემდეგ ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ბრუნდებიან, ხოლო კვაჭი, ტრადიციულად, ჯაბა ბრეგვაძეა. ივნისში არ უთამაშია და ახლა შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება კონსტანტინე მიქაუტაძე. მატებაა მესამე ხაზში, სადაც ვიტო კოლელიშვილი და მამუკა გორგოძე ბრუნდებიან, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა ბიწაძე დადგება.
ხაზი
ხაზში სიურპრიზები არაა. წყნარი ოკეანის ტურნეს შემდეგ, აქ გუნდს 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე უბრუნდება, რომელიც ივნისში უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ინგლისში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, შუაში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფლანგებზე გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია.
ორი დებიუტანტი მარქაფაში
მარქაფაში სიახლეებია. ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებს ტულონის კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელიც შარშან 20-წლამდელთა კაპიტანი იყო, თუმცა ამ დონეზე არასდროს უთამაშია. სამწლიანი შესვენების შემდეგ, მოედანზე ნაკრების კვართით გავა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც ახლახანს საფრანგეთის ჩემპიონ რასინგთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მარჯვენა ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი იქნება.
შეცვლაზე მეორე ხაზის მოთამაშეთაგან არავინაა და თუ რომელიმე მათგანის შეცვლა გახდება საჭირო, სავარაუდოდ, იქ გორგოძე გადაინაცვლებს. მესამე ხაზში შეცვლაზე ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს ვიხილავთ, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან გიორგი ბეგაძეს, ლაშა მალაღურაძეს და ანზორ სიჭინავას. აკადემიას გარემარბისთვის ეს სანაკრებო დებიუტი იქნება.
სტატისტიკა
12 ნოემბერს 100-იანთა კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან 743 ქულით ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე კვირიკაშვილი და შუამარბი კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეისობით 95-95 კეპია. ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო. 2013 წელს, ჩვენმა გუნდმა იმ დროისთვის მოწინავე 10-ეულში მყოფი სამოა სწორედ მამუკას კაპიტნობით დაამარცხა. ის გუნდს ისტორიულ მსოფლიო თასზეც კაპიტნობდა, სადაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი გამარჯვება ვიზეიმეთ და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ.
რაც შეეხება მომავალი თამაშის ისტორიულ მნიშვნელობას. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ მეათე წარმატებით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.
Rugby.Ge