მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან მატჩისათვის შემადგენლობა დაასახელა
წლის ბოლო სანაკრებო მატჩამდე 48 საათით ადრე, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო, 23 კაციანი რაზმი დაასახელა, რომლებიც 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
შეხვედრა ქილმარნოქში, 18-ათასიან რაგბი პარკზე გაიმართება. ის 1899 წელს გაიხსნა და სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია – 1946, 1961 და 1994-95 წლებში. უმაღლესი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის სრული სიგრძე 102, ხოლო სიგანე 68 მეტრია. ამ სტადიონზე საშინაო თამაშებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ატარებს. 26 ნოემბრის მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება და ქართველ ქომაგს მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საშუალებით ექნება.
მხოლოდ ერთი ცვლილება
სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო 15-ეულში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და ისიც იძულების წესით. 19 ნოემბერს თავის ტრავმა მიიღო გიორგი კოშაძემ და მწვრთნელებმა მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი აფციაური დააბრუნეს. აფციაურმა 12 ნოემბერს, იაპონიასთან დაიწყო თამაში და ახლაც გარემარბად მოგვევლინება, ხოლო თამაზ მჭედლიძე მოედნის ცენტრში გადაინაცვლებს და მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. მეორე ფლანგზე სანდრო თოდუა დადგება, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია, რომელიც 98-ე კეპს მოიხვეჭს.
ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს შერკინების ხაზი. იაპონიასთან და სამოასთან სრული დომინირების შემდეგ, ჰეიგმა ფორვარდების შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სამოას მსგავსად, უცვლელია ნახევარდაცვის წყვილი.
მარქაფა
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა მარქაფაში. შერკინების პირველ ხაზს ის სამეული გააძლიერებს, რომელმაც ერთი კვირის წინ სამოასთან ოთამაშა. სკამზეა მესამე ხაზის სამი მოთამაშე – გიორგი თხილაიშვილი და შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე ერთი კვირის წინაც შევიდნენ,ახლა მათ ლაშა ლომიძე დაემატა, რომელიც მარქაფაში იაპონიასთან იყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, თადარიგში გამოჩნდა ბექა წიკლაური. ის ერთადერთი უკანახაზელია სათადარიგოთა სკამზე, ხოლო 9 ნომრად ტრადიციულად გიორგი ბეგაძე შევა.
Rugby.GE