“მილუოკის” წარმატებული სერია ტორონტოში მარცხით დასრულდა
3-მატჩიანი წაუგებელი სერია „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „ტორონტოსთან“ შეწყვიტა. ზაზა ფაჩულიას გუნდი კანადურ გუნდს ესტუმრა და დიდი სხვაობით – 83:124 დამარცხდა.
„ტორონტო“ ძლიერი გუნდია, მით უფრო საკუთარ მოედანზე და ბოძებული შანსი, სეზონის მე-10 გამარჯვება მოეპოვებინა, ხელიდან არ გაუშვა. „მილუოკიმ“ მიყოლებით წაგო პირველი, მეორე და მესამე პერიოდები და ბოლო 12-წუთეულს აზრი დაეკარგა. 3 პერიოდის შემდეგ ტორონტოელები 101:57 იგებდნენ.
ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში მხოლოდ 8:38 წუთი ითამაშა. ზაზა საკმაოდ აქტიურობდა და თავი 5 ქულას, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრას მოუყარა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგის მქონე მილუოკელმა, ჯაბარი პარკერმა კი 15 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
7 მოგება-6 წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთი საფეხურით დაბლა, მე-5 პოზიციაზე დაეშვა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 22 ნოემბერს შინ, „ვაშინგტონთან“ ელის.
gbf.ge