მინდია ბობღიაშვილი: “ფეხბურთელების დავალიანება უკანა პლანზე გადაიტანეს”
ლანჩხუთის “გურია” კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ფეხბურთელების თქმით, მათ სახელფასო დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარეს. ვითარებაში უკეთესად გარკვევის მიზნით “გურიას” მეკარეს, მინდია ბობღიაშვილს დავუკავშირდით.
– ფინანასური პრობლემები უკვე ერთი წელია გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოთმინება ამოიწერა, როდესაც ფედერაციამ კლუბს 200 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა ამ დროს ფეხბურთელების დავალიანება უკანა პლანზე გადაიტანეს. ფეხბურთელების, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სიცივეში, მშივრები და ყველანაირი პირობების გარეშე თავს ვდეთბდით “გურიისთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის. აღმოჩნდა, რომ გუნდში ჩვენს დავალიანებაზე მნიშვნელოვანი პრობლემებიც ყოფილა.
გაფიცვას არ ვაპირებთ, თამაშებზე გავალთ და სეზონსაც ჩავამთავრებთ. უბრალოდ გვინდა, რომ სიმართლე გაირკვეს. ჩვენი ოფლით და შრომით მოვედით და გულშემატკივრებს ვცემთ პატივს, თორემ რადიკალურ ზომებსაც მივიღებდით.
სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ფეხბურთის სიყვარულზე, ერთ-ერთი თანამდებობის პირი ფეხბურთში ინვესტირების ნაცვლად ნაგვის ურნების დამონტაჯებას აპირებს.
– კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგებიც ასეთი ვითარებით ხომ არ არის გამოწვეული?
– ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებ, თუმცა გუნდი ძალიან გვიან შეიკრიბა და მოსამზადებელი ეტაპი ჩაგვივარდა, რაც არასწორი მიდგომის გამო ხდება.
ჩემი აზრრით, პირველი წრის გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, საპრიზო ადგილებისთვის შევძლებდით ბრძოლას.
– თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– იმედია, ახალი სეზონიდან გამოსწორდება მდგომარეობა. ლანჩუთელი გულშემატკივარი ამბიციურ გუნდს იმსახურებს. მიუხედავად იმისა ვიქნები თუ არა ამ გუნდში, ყოველთვის დავრჩები “გურიას” გულშემატკივარი.
შემოთავაზება ორი კლუბიდან მაქვს და ვნახოთ რა გამოვა. ჯერჯერობით ლანჩუთში დაველოდები სიტუაციის გამოსწორებას.
ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ახლანდელი და პირველი წრის გუნდის სინთეზი მოხდეს. დამიჯერეთ, საქართველოს ჩემპიონატს კიდევ ერთი კარგი გუნდი შეემატება.