“მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო, სად არის უეფა?” – რუსი დეპუტატი
რუსეთის დუმის დეპუტატმა, იგორ ლებედებმა თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მინდორს იწუნებს და უეფას მიმართავს.
“ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რის გამოც ეს მოხდა. დავიწყოთ პოლიტიკურ მომენტით – ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ქართული კლუბების წინააღმდეგ არ გვითამაშია და დავასრულოთ იმ ფაქტით, რომ მოედნის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო. წარმოგიდგენიათ, იმ შემთხვევაში, თუ “ლოკომოტივი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, მათ ასეთ მინდორზე თამაშის ნება დართონ? სად არის უეფა?
დავუბრუნდეთ “დინამოს”. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ ჩვენ სერიოზული გამოწვევებისათვის მზად არ ვართ. რუსული ფეხბურთი. ჩვენ კლუბებს შუძლიათ ძვირადღირებული ფეხბურთელები შეიძინონ, მაგრამ მზად არ ვართ, რომ თუნდაც “ლოკომოტივის” დონის გუნდი დავამარცხოთ. ვფიქრობ, ახლა ყველა შოკშია. თუმცა, ვიმეორებ – მიზეზი თბილისური კლუბი კი არ არის, მიზეზი რუსეთის პრემიერ ლიგაა”, – ციტირებს ლებედევის სიტყვებს Championat.com.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.