მინი ფეხბურთის ფესტივალის გამარჯვებული “SOS” ბავშვთა სოფლის გუნდი გახდა
2-4 დეკემბერს, თბილისში “მინი ფეხბურთის ფესტივალი” ჩატარდა, რომელშიც რვა საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის მონაწილე პატარა ფეხბურთელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელები, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვები იყვნენ.
მინი-ფეხბურთის სამდღიანი ფესტივალის ფინალი 4 დეკემბერს, ბენდელას სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „კარიტასისა“ და “SOS” ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები შეხვდნენ ერთმანეთს. “SOS” ბავშვთა სოფლის საფეხბურთო გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
აღნიშნული ფესტივალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფეხბურთში აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.
გამარჯვებული გუნდი და ვერცხლის პრიზიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.
წყარო: Gff.Ge