მინისტრი 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა (ვიდეო)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2018-ის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო. ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშებაში ქართველმა ჭაბუკებმა ზედიზედ დაამარცხეს ბელარუსი, უკრაინელი და ესტონელი თანატოლები, ფინალში კი ისრაელის ნაკრებს 4:1 სძლიეს. საქართველომ ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი.
ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი 17-წლამდელები ოქტომბრის მიწურულს ითამაშებენ. ნემსაძის გუნდის მეტოქეები შესარჩევ ჯგუფში იტალიელი, ლატვიელი და მონტენეგროელი თანატოლები იქნებიან. თამაშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს.
„გილოცავთ ამ გამარჯვებას. ქართულ ფეხბურთს სჭირდება წარმატებები და მიხარია, რომ მომავალი თაობა სწორედ წარმატებით იწყებს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულისთვის, რომელიც თქვენ გულშემატკივრებს მიანიჭეთ. ორიოდ თვეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები გელით და მსურს იმ თამაშების დასრულების შემდეგაც გახარებული გიხილოთ. ვისურვებდი, რომ თქვენი მომდევნო გამარჯვებების შესახებ ჩვენი ფეხბურთის ქომაგების გარდა ევროპის დიდმა საფეხბურთო ოჯახმაც შეიტყოს. იმ თაობამ, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენს, წარმატებას შრომის ხარჯზე მიაღწია, მათ ნამდვილად არ ჰქონდათ ისეთი პირობები, როგორიც თქვენ გაქვთ. მინდა, რომ ეს იცოდეთ და გაითვალისწინოთ. თუ მოინდომებთ, აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევთ”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„მადლობა ბიჭებს და მადლობა ყველა გულშემატკივარს! მიხარია, რომ გიორგი ნემსაძემ, რომელიც უდავოდ წარმატებული მოთამაშე იყო, სამწვრთნელო ასპარეზზეც მიგვაჩვია გამარჯვებებს. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ ეს გუნდი და ეს თაობა კიდევ არაერთი გამარჯვებით გაგვახარებს, მათ შორის ოფიციალურ ტურნირებშიც”, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
სამინისტროს პრესსამსახური