მინო რაიოლა: “ბალოტელი 100 მილიონი ღირს, დონარუმამ კი “მილანი” უნდა დატოვოს”
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული აგენტი, მინო რაიოლა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს მარიო ბალოტელისა და ჯანლუიჯი დონარუმას მომავალთან დაკავშირებით.
“მარიომ ძალიან ბევრი იშრომა, ძველი დიდება რომ დაებრუნებინა. დღეს ის უძლიერესია, ჩემთვის ერთ-ერთია მსოფლიოს 10 საუკეთესო შემტევთაგან.
იტალიაში ის ნომერ პირველია. მისი ფასი 100 მილიონი ევროა, მაგრამ ახლა მარიო თავისუფალი აგენტია. მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებ “იუვესთან”, “რომასთან”, “ნაპოლისთან” და “ინტერთან”.
“მილანი”? მათთან არ ვთანამშრომლობ. “როსონერის” ხელმძღვანელი მირაბელია, მასთან კი თანამშრომლობა არ შემიძლია, ჯერ მის დონეზე არ ვიმყოფები.
რაც შეეხება დონარუმას, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მე ამას პატივს ვცემ. ჩემთვის რომ ეთქვა, წასვლა მინდაო, მაშინვე დავიწყებდი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინვე წავიყვანდი ჯიჯიოს “მილანიდან”,- აცხადებს რაიოლა.