მინო რაიოლა: “მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ”
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ შვედი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებულად ითამაშებდა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს.
“მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი თავისი ძალით, ხასიათით, ტექნიკით, გადავსებული სტადიონებითა და ფანტასტიური ატმოსფეროთი სრულად შეეფერება იბრაჰიმოვიჩს. ახლა რაიმეს თქმა რთულია, რადგან ზლატანს, პირველ რიგში, სურს, რომ თავისუფალი აგენტი გახდეს, რის შემდეგაც შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. იგი ბევრ წინადადებას იღებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. თეორიულად შესაძლებელია, რომ მან კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს”, – მინო რაიოლას კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.