მიქელთაძე: “ევროპაში წასვლა არაფერს წყვეტს, მთავარია ჩემი თამაშის ხარისხი”
ბექა მიქელთაძე კვიპროსის “ანორთოსისში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა “რუსთავი” სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და ლარნაკაზე გაფრინდა.
Fanebi.Com-ი ბექას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
– გქონდა თუ არა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შემოთავაზებები სხვა უცხოური კლუბებიდან? რატომ აირჩიე “ანორთოსისი”?
– კი, მქონდა. თუმცა, ვთვლი, რომ “ანორთოსისი” კარგი ტრამპლინია უკეთეს გუნდში მოსახვედრად. ეს კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ ევროტურნირებზე მუდმივად თამაშობს და არა მარტო თამაშობს. გვახსოვს, ქეცბაიას დროს რა და როგორ გააკეთა “ანორთოსისმა”.
– კიდევ რომელი ქვეყნებიდან იყო შემოთავაზება?
– ბევრი ქვეყანა იყო, თუმცა არ მინდა დაკონკრეტება. ევროტურნირებზე არცერთი კლუბი არ მონაწილეობს.
– ნიკა კაჭარავამ თუ ივარჯიშა შენთან ერთად? და, ზოგადად, როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი კლუბში?
– ჯერ ნიკა არ ჩამოსულა. დაახლოებით, 2-3 დღეში შევხვდები მას. ყველაფერი კარგად მიდის. აქ ქართველები ძალიან უყვართ.
– ამ ეტაპზე, როგორ აფასებ ნაკრებში შენი მოხვედრის შანსებს?
– ევროპაში წასვლა არაფერს წყვეტს, მთავარია, როგორ ვითამაშებ. დაიწყება ჩემპიონატი და მერე ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.