მირჩა ლუჩესკუ “ზენიტის” მთავარი მწვრთნელია
მირჩა ლუჩესკუ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.
მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.
შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ მანამდე დონეცკის “შახტარს” თავკაცობდა. 70 წლის რუმინელმა სპეციალისტმა უკრაინული კლუბი 12-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ამ ხნის განმავლობაში “შახტარმა” მისი ხელმძღვანელობით 573 მატჩი ჩაატარა და 22 ტიტული მოიგო.
მირჩა ლუჩესკუს თავკაცობის პერიოდში “შახტარი” რვაჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ექვსჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, შვიდჯერ კი სუპერთასი დაისაკუთრა. 2009 წელს გუნდმა უეფას თასი მოიგო. რუმინელი სპეციალისტი რვაჯერ დასახელდა უკრაინის საუკეთესო მწვრთნელად.
მირჩა ლუჩესკუ როგორც პოსტზე მუშაობის ხანგრძლივობით, ასევე ჩატარებული მატჩების რაოდენობით “შახტარის” მწვრთნელებს შორის რეკორდსმენია.