მირონ მარკევიჩი: “გიორგის ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს”
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა, რომელიც ახლა უკრაინის ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელია, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 20 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა იჩქაროს.
“ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ის უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი ამბიციური ბიჭია და ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ კიევის “დინამოში” ადგილს დაიმკვიდრებდა. თუმცა, ლუჩესკუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ის ისევ როტაციის ფეხბურთელად დარჩა. სათამაშო პრაქტიკის გამო, “ვორსკლაში” გაანათხოვრეს.
გიორგიმ ინტერვიუებში თქვა, რომ “ვორსკლაში” ყველაფრით კმაყოფილია. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო არენაზე საკუთარ მიზნებს უფრო სწრაფად საქართველოს ნაკრებში თამაშით მიაღწევს. მე ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს და თავისივე თამაშით დაამტკიცოს, რომ კიევის “დინამოში” მთავარ როლში ყოფნას იმსახურებს. ამის შემდეგ, უფრო ადვილი იქნება, რომ მას უკრაინის ნაკრების კარი გაუღონ.
გულწრფელად, ვფიქრობ, რომ ახლა მისთვის რთული იქნება კონკურენცია გაუწიოს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება უნდა მოიპოვო, ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს უნდა გვახსოვდეს”, – განაცხადა მარკევიჩმა.
დიდი ალბათობით, წიტაიშვილი საქართველოს პასპორტს მალე მიიღებს, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ექნება.